“მეშინია იმ გოგოსი, რომელსაც ავადმყოფურად ვუყვარვარ”

image
  • 703
ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ნორმალური არ არის. მინდა, გამოსავალი ვიპოვო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ყველაფერი 3 წლის წინ აირია, მაშინ, როცა 14 წლის ვიყავი. მეზობელმა თავისი ნათესავი გოგონა გამაცნო. ძალიან თბილად შევხვდი, მე საერთოდ არ მჩვევია ადამიანებთან ცუდი ურთიერთობა, მასაც გავუღიმე, კომპლიმენტები ვუთხარი და ეს ყველაფერი ძვირად დამიჯდა.


საქმე ის არის, რომ ეს გოგონა დამოუკიდებლად ვერ დადის, დამხმარე სჭირდება, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მივიდეს. საოცრად მგრძნობიარე, ემოციური ადამიანია. იმ დღეს ჩემი ძმის დაბადების დღე იყო და მეზობელიც დავპატიჟეთ. რადგან ვიცოდით, რომ მასთან სტუმრად ნათესავი იყო, ბუნებრივია, ისიც მოვიწვიეთ.


ჩემს სახლშიც ისე შევხვდი, როგორც ძველ ნაცნობს, არ მინდოდა, უცხო გარემოში მოეწყინა, თავი ცუდად ეგრძნო, ამიტომ იმ საღამოს ყურადღება მთლიანად მასზე გადავიტანე, ვაცეკვე კიდეც, ვამღერე კიდეც და ასე ნასიამოვნები გავუშვი სახლში.


ამ გოგონას შევუყვარდი. გაცნობიდან მესამე დღეს ლექსი გამომიგზავნა, სადაც თავის გრძნობებზე წერდა. მეზობელმა მითხრა, არ მოგიტანდი, მაგრამ შემეცოდა, ძალიან ტიროდა, მეხვეწებოდა, წაუღეო.


ისევ შეცდომა დავუშვი, ემოციებს ავყევი და დავურეკე, მადლობა გადავუხადე ლექსისთვის. ამის შემდეგ დღე არ გავიდოდა, რომ მესიჯად ლექსი არ გამოეგზავნა. მერე პოეზიის საღამოების გამართვა “ფეისბუქში” გააგრძელა, ახლა კი საქმე იქამდეა მისული, რომ თავისი გვერდის მთავარ ფოტოდ ჩვენი ერთობლივი სურათი უდევს, რომელიც დაბადების დღეზე გადავიღეთ. სადაც კი ჩემს ფოტოს ნახავს, აზიარებს და გულის სმაილიკებს მიწერს. ყველამ იცის, რომ ამ გოგოს სიგიჟემდე ვუყვარვარ.


რამდენჯერმე ვაგრძნობინე, რომ სიყვარულით ვერ ვუპასუხებ, რომ ის ჩემი მეგობარია, მაგრამ არაფერმა გაჭრა. როგორც მერე ოჯახის წევრებმა მითხრეს, ისტერიკაში ჩავარდა, თურმე ამბობდა, თავი უნდა მოვიკლაო. ისევ მე წავედი დათმობაზე, დავურეკე, მივეფერე, რადგან შემეშინდა, მართლა ცუდი რაღაც არ გაეკეთებინა.


მეზობელი და ამ გოგოს სხვა ნათესავები მითვლიან, იქნებ მოითმინო, ცოდოა, მალე გადაუვლისო, მაგრამ მე რომ ფსიქიკას მიზიანებს, ამას ვერ ხვდებიან.
მე მართლა ვარ შეყვარებული, ოღონდ სხვა გოგოზე, ეს გრძნობა არის ორმხრივი, მაგრამ ვერავის ვუმხელთ, რადგან მეშინია იმ გოგოსი, რომელსაც ავადმყოფურად ვუყვარვარ. დიახ, მე ამ სიყვარულს ავადმყოფურს ვუწოდებ, რადგან ყოველგვარი ნორმის ფარგლებს სცდება. ბევრი ვიცი უნარშეზღუდული ადამიანი, მაგრამ ასე არ იქცევიან.


დედაჩემმა დედამისს შეუთვალა, იქნებ ფსიქოლოგთან მიიყვანოო, მაგრამ მან აქეთ დამადანაშაულა, შენი ბიჭის ბრალია ყველაფერიო. ჩემი “ბრალი” მხოლოდ ის არის, რომ მას ადამიანურად მოვექეცი, ისე, როგორც სხვებს ვექცევი, სხვა მე არაფერი დამიშავებია.

მითხარით, რა გავაკეთო, რომ მიხვდეს, მისი მეგობარი ვარ და არა – შეყვარებული ან საქმრო.

(თქვენი პირადი ისტორიების გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: info@regnews.ge ანონიმურობა დაცულია)


 

მსგავსი სიალხებეი