,,ბიჭს არ ვაინტერესებ, დედამისი კი მეუბნება, შეგიყვარებსო”

image
  • 413
ამ წერილს 18 წლის გოგო გწერთ. ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვარ და ბევრი რამისთვის მჭირდება თავ-თავისი სახელის დარქმევა, რაც ადვილი არ არის. ალბათ ამიტომაც მოგმართეთ, რომ რაღაცებს სხვანაირად შევხედო.

რამდენიმე თვის წინ ერთ ბიჭს შევხვდი, უფრო სწორად, მის დაბადების დღეზე აღმოვჩნდი. მე და ჩემი მეგობარი მასწავლებლისგან ვბრუნდებოდით. გზაში ნათესავმა დაურეკა, ჩვენთან ამოდიო. მარტო არ ვარო, მეგობარმა უპასუხა. არა უშავს, ვის გვერდითაც ხარ, ისიც წამოიყვანეო.

უარი ვერ ვუთხარი, თანაც ძალიან გვშიოდა, ვთქვით, ავირბინოთ და მალევე წამოვიდეთ-თქო. ასე აღმოვჩნდი სრულიად უცხო ოჯახში უცხო ბიჭის დაბადების დღეზე. ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდათ, განსაკუთრებით ამ ბიჭის დედა გადაირია, ეს როგორი თოჯინა მომიყვანე სახლშიო. იმდენ ხალხში ისე მაქებდა, ნახეთ, რა თვალები აქვს, რა ტან-ფეხიო, სად წავსულიყავი, აღარ ვიცოდი.

იმ დღის შემდეგ ის ქალი ძალიან გააქტიურდა. იცოდა, მასწავლებლისგან რა დღეებში რა დროს ვბრუნდებოდით და ზუსტად იმ დროს გვირეკავდა, ხან ნამცხვარზე გვეპატიჟებოდა, ხან გვთხოვდა, მაღაზიაში გამყევით, რაღაცის ყიდვა მინდა და რჩევა მჭირდებაო. ისე აწყობდა, რომ ამ დროს მისი ბიჭიც გვერდით ყოფილიყო.

იმდენი მოახერხა, რომ თავისი შვილი შემაყვარა. გამომიტყდა, მინდა, ჩემი რძალი გახდე, ჩემი ბიჭისთვის ზუსტად შენნაირ გოგოზე ვოცნებობო.
ეს ქალი კი აქტიურობს, მაგრამ მის შვილს არ ვაინტერესებ. ურეაქციოდ მიყურებს, თითქოს არც ვარსებობდე. დედამისი ხომ ეტყოდა, ის გოგო მომწონსო და ჩემ მიმართ რამეს რომ გრძნობდეს, გამიმხელდა. ის კი სიტყვას არ ძრავს, “ფეისბუქში” ჩემი ერთი ფოტოც კი არასოდეს მოუწონებია, არც კომენტარი გაუკეთებია. საერთოდ არაფრად მაგდებს.

მოსვენება დავკარგე, დღე და ღამე მასზე ვფიქრობ. იმ ქალმა საშინელ დღეში ჩამაგდო. თუ იცოდა, რომ მის შვილს არ მოვწონდი, რაღატომ მახვედრებდა და რაღატომ შემაყვარა? ახლა რა ვქნა, როგორ შევებრძოლო ჩემს თავს? მხოლოდ მასზე ვფიქრობ. ვოცნებობ, ცოტათი მაინც მომაქციოს ყურადღება და ერთი სიტყვა მითხრას.

(თქვენი პირადი ისტორიების გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: info@regnews.ge ანონიმურობა დაცულია)

 

მსგავსი სიალხებეი