„ნაციხარს როგორ უნდა ენდო, სახლში როგორ უნდა შეუშვა“ – პატიმრის გამოცდილება

image
  • 245
„მერე რა, რომ ყოფილი პატიმარი ვარ? ხელოსანს თუ დაიქირავებს საქართველოში ადამიანი და გაიგებს, რომ ნასამართლევია, მაშინვე ეჭვი უჩნდება, მაგრამ თუ თავისი საქმის  პროფესიონალი აღმოჩნდება ნასამართლევი, უარყოფითი დამოკიდებულებაც ქრება. ამიტომაცაა საჭირო ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად და გადასამზადებლად ბევრი პროექტის არსებობა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი ამირან დევდარაიძე.


18 წლის აღმოჩნდა საპატიმროში, ქურდობის – 177-ე მუხლის მესამე ნაწილით გაასამართლეს. სამი წელი უნდა მოეხადა, მაგრამ ამნისტიით წელიწადსა და შვიდ თვეში გათავისუფლდა.


ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ელექტროშედუღების კურსები გაიარა, სერტიფიკატიც მიიღო. ამზადებს ჭიშკრებს, ღობეებსა და ლითონის სხვადასხვა ნივთს. საამქროს მოსაწყობად დანადგარები რომ ჰყოფნიდეს, 2, 3 ადამიანსაც დაასაქმებდა, რადგან შემდუღებლებზე ზუგდიდში მოთხოვნაა.


როცა ციხიდან გათავისუფლდა მაშინვე ყულევის ტერმინალის მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. „13 წლიდან ყულევში ვმუშაობდი და ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც დამაბრუნეს სამსახურში – ასე გამიმართლა და არ დავრჩი უმუშევარი.


საერთოდ, ხშირად მესმოდა: ნაციხარს როგორ უნდა ენდო, სახლში როგორ უნდა შეუშვა და ა.შ. მე ამისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია“, – ამბობს ამირან დევდარაიძე.


დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მას გენერატორი შეუძინეს. დემოკრატიის ინსტიტუტი ამ პროგრამას ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ამირანს შემდუღებლობასთან ერთად ელექტრიკოსობის შესწავლა და სერტიფიკატის მიღება სურს.


დედის პენსია, სოციალურად დაუცველის დახმარება და ამირანის ნამუშევარი ოთხსულიან ოჯახს თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნის. ამბობს, რომ ვალების გარეშე ფონს მაინც ვერ გადიან.


მიწის ნაკვეთი აქვს, მაგრამ ვერ იყენებს. „შემოუღობავია. რამე რომ დავთესო, საქონელი გამინადგურებს. დიდი ხნის გამოუყენებელი მიწის დახვნას და შემოღობვას 5000 ლარი სჭირდება, დიდი ნაკვეთი მაქვს“, – ამბობს ამირან დევდარაიძე. მისი აზრით, ხელშეწყობა არამხოლოდ ყოფილ პატიმრებს, არამედ ყველა ხელოსანს სჭირდება, ვინც საქმე იცის და არ აქვს ან აკლია ხელსაწყოები. „უამრავი ხელოსანი ვიცი, ვისაც დანადგარების ყიდვა უჭირს და ხელით აკეთებს სამ დღეს იმას, რისი გაკეთებაც ერთ დღეში შეიძლება“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

 

მსგავსი სიალხებეი