ბათუმის მერია მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელებას იწყებს

  • 438
პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით შემუშავდება და განისაზღვრება ბათუმის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ყოველი წლის 31 მარტამდე, ბათუმის მერია განსაზღვრავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტსა და დასაფინანსებელი პროექტის მაქსიმალურ რაოდენობას.

ყოველი წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ბათუმის მერია, საუბნო კავშირების მეშვეობით, გამართავს საჯარო შეხვედრებს მოქალაქეებთან და მიაწვდის ინფორმაციას მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში წარსადგენი პროექტების წარდგენის პროცედურებისა და ვადების შესახებ.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ფარგლებში, საპროექტო განაცხადების წარდგენა შეუძლია ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებსაც მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის დარეგისტრირება შეუძლიათ.

საპროექტო განაცხადების წარდგენა ხორციელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში და ფორმატით.

მოქალაქეს, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია ელექტრონულად დაარეგისტრიროს საკუთარი საპროექტო განაცხადი ქ. ბათუმის
მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონულ პლატფორმაზე.

მოქალაქეს, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს ასევე შეუძლია საკუთარი საპროექტო განაცხადი დაარეგისტრიროს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში.

საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში განსაზღვრული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას.

პირველი 10 საპროექტო განაცხადი, რომელიც ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას, რეკომენდებული იქნება საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი განხორციელდება ბათუმის მერიის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით - http://idea.batumi.ge/.

აღნიშნულ გვერდზე გადასვლა ასევე შესაძლებელია მერიის ოფიციალური ვებგვერდის http://batumi.ge/ge/ -ს მეშვეობით.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული პლატფორმა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მერიის ოფიციალურ და ფეისბუქის გვერდებზე განთავსდება.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის შემუშავება განხორციელდა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI Georgia - USAID) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით.

 

მსგავსი სიალხებეი