ბათუმის ბულვარი მსოფლიოში აღიარებულ „გარემოს საგანმანათლებლო ფონდთან“ თანამშრომლობას იწყებს

image
  • 369
ბათუმის ბულვარი მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაციასთან „გარემოს საგანმანათლებლო  ფონდი“  თანამშრომლობას იწყებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ შაფერმა  დღეს ბათუმში პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ  დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კუთხით განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

,,ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარს ბევრი სიახლე და ინოვაცია აქვს, რაც მისასალმებელია. დღევანდელი დღეც არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის საფუძველზეც ჩვენი ბულვარი შეძლებს იყოს საერთაშორისო სტანდარტების. ბათუმის ყველა სტუმარი იყოს ბედნიერი იმ სტანდარტებით, რომელიც აქ იქნება დანერგილი. ამიტომ, დიდ ყურადღებას დავუთმობთ პროცესს, რომელიც დაწყებულია ,,ლურჯი დროშის“ სერტიფიცირების თვალსაზრისით და რაც უზრუნველყოფს რეგიონის მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

 „გარემოს საგანმანათლებლო ფონდი“ მსოფლიოს მასშტაბით 73 ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს, რომელებიც ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება.  დანიელ შაფერმა ბათუმელ მსმენელს  „გარემოს დაცვის განათლების ფონდი“-ს საგანმანათლებლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამები ტურიზმის სფეროს შეეხება, ესენია „მწვანე გასაღების“ და „ლურჯი ალმის“ პროექტები, რომლებიც დღეს მსოფლიოში დიდი წარმატებით სარგებლობენ და გარემოს მდგრად განვითარებასთან ასოცირდებიან. „ლურჯი ალმის“ ნიშანი (Blue Flag) მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ნებაყოფლობითი ეკოლოგიური ნიშანია, რომლებიც პლაჟებს, იახტებს და სანაოსნო ტურიზმის ოპერატორებს ენიჭებათ. „ლურჯი ალმის“  მოპოვებისთვის აუცილებელია ეკოლოგიის, განათლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით მკაცრი კრიტერიუმების დაცვა.

პრეზენტაცია/ტრენინგი ხელს შეუწყობს როგორც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ისე სამომავლოდ, ბათუმის ბულვარის ჩართვას გარემოს დაცვის მიმართულებით მსოფლიოში აღიარებულ  პროექტებში.  

ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გამართულ პრეზენტაციას აჭარის სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ასევე განათლების სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  
ღონისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. 

 

მსგავსი სიალხებეი