ბათუმში ახალაშენებული კორპუსის სამი ბინიდან ვიტრაჟული ფანჯრები ჩამოცვივდა

image
  • 50
ბათუმში, პუშკინის #13-ში მდებარე ახალაშენებული მრავალბინიანი სახლიდან ვიტრაჟული ფანჯრები ჩარჩოებიანად მოწყდა და ქუჩაში ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ ეზოში გაჩერებული ავტომანქანა დაზიანდა. აქ მცხოვრებლები შიშობენ, რომ შეიძლება იგივე განმეორდეს და ეს ამბავი უფრო ტრაგიკულადაც დასრულდეს: „შეიძლება ჩამოვარდეს ფანჯარა და ვინმეს, იქვე გამვლელს დაეცეს.“


ახალაშენებული ოცსართულიანი ბინა პუშკინის #13-ში ორ მაღლივ კორპუსს აერთიანებს. სახლი მერიამ ექსპლუატაციაში 2018 წლის სექტემბერში მიიღო. ამ დროისთვის ბინების უმეტესობაში არ ცხოვრობენ. აქ ძირითადად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სადარბაზოებში თითქმის ყველა სართულზე აწყვია სამშენებლო მასალები, არის დაკეტილი ბინებიც.
მას შემდეგ, რაც ვიტრაჟული ფანჯრები ერთმანეთის მიყოლებით „გავარდა ფასადიდან“, ბინების მესაკუთრეებმა აღმოაჩინეს, რომ ცხრა კვადრატულ მეტრამდე ზომის ვიტრაჟული ფანჯარა მხოლოდ ე.წ. წებო-ქაფით იყო დამაგრებული [ამის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს]. იმავეს ამბობენ იმ ბინების მესაკუთრეებიც, რომლების ფანჯრებიც არ დაზიანებულა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მათ მეზობლებს შეემთხვათ, ფანჯრების საკუთარი ძალებით  გამაგრება გადაწყვიტეს.
უფანჯრებო ჩარჩოები დღემდე არ აღუდგენიათ და არც დარჩენილი ნაწილი გაუმაგრებიათ. მფლობელები შესაბამის რეაგირებას მშენებელი კომპანიისგან ელიან. ამ ბინებს ახლა წვიმისგან მხოლოდ პოლიეთილენის პარკი იცავს.

ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის, დავით ვაშალომიძის თქმით, ფასადის ერთსა და იმავე მხარეს, მე-14 და მე-18 სართულების ორი ბინიდან იდენტური ვიტრაჟული ფანჯრები 16 იანვარს, შუადღისას ქარმა დააზიანა. ამის შესახებ მას თავად მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა [16 იანვარს] ტელეფონით შეატყობინა. ასეთივე ფანჯარა დაზიანებულია ასევე მე-17 სართულზეც. როგორც აქ გვითხრეს, ეს ფანჯარა სამი დღით ადრე „ჩვეულებრივი ამინდის დროს გავარდა და არა ქარიან ამინდში.“

კიდევ ერთ ბინა, რომლის ფანჯარაც ჩამოვარდა, მე-14 სართულზეა. მესაკუთრეს ბინაში დასრულებული ჰქონდა სარემონტო სამუშაოები, ნაწილობრივ შეიტანა ავეჯი და უახლეს მომავალში საცხოვრებლად გადასვლას მცირეწლოვან შვილთან ერთად გეგმავდა.

„ბინა სესხით მაქვს ნაყიდი და ვარ მარტოხელა დედა. ვიტრაჟულ ფანჯარასთან ვაპირებდი დივნის დადგმას. წარმოვიდგენ, რომ შესაძლებელი იყო ამ დივანზე ჩემს შვილს დაეძინა და იმ დროს გავარდნილიყო ფანჯარა კედლიდან. ამაზე ფიქრიც არ მინდა“, – გვიყვება ელენე თარალაშვილი.
ბინის ინტერიერი მე-14 სართულზე, საიდანაც ვიტრაჟული ფანჯრის ერთი ნაწილი ჩარჩოდან გავარდა
დავით ვაშალომიძის თქმით კი, რომელსაც ბინაში გადატიხვრის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს, სარემონტო სამუშაოებს იმიტომ არ იწყებს, რომ მისი ბინის ფასადიდან წყალი ჟონავს. ახლა კი ამას ვიტრაჟის დაზიანებაც დაემატა. როგორც თვითონ გვიამბო, ფასადიდან წყლის გაჟონვაზე ჯერ სამშენებლო კომპანიას მიმართა, სადაც  უთხრეს, რომ ვითარებას სამუშაოთა ზედამხედველი შეისწავლიდა და „ყველაფერს მოაგვარებდა“, თუმცა დაპირებიდან რამდენიმე თვე ისე გავიდა, რომ კომპანიას რეაგირება არ ჰქონია. მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლი ექსპლუატაციაშია მიღებული და ვერაფრით დაეხმარებიან. იგივე პასუხი მიიღო ფანჯრის დაზიანების შემდეგაც.
მე-17 და მე-18 სართული – ფასადი ვიტრაჟული ფანჯრების დაზიანების შემდეგ
ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებაში მესაკუთრეს განუმარტეს, რომ ექსპლუატაციიდან ათი წლის ვადაში სახლზე ზრუნვა მშენებლის ვალდებულებაა და მერია ამ საქმეში ვერ ჩაერევა. ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელმაც გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ფანჯრის ნამსხვრევები ეზოში გაჩერებულ ავტომანქანას დაეცა და დააზიანა. მრავალბინიან სახლში მცხოვრებთა თქმით, ჯერჯერობით, არც ერთი სტრუქტურა არ დაინტერესებულა ფანჯრების ხარისხით და არც იმაზე აქვთ პასუხი, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები ფანჯრების მონტაჟის დროს.

ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე კი გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.  

მშენებელ კომპანიაში, პუშკინის #13-ში მდებარე ახალაშენებულ სახლში, ფანჯრებთან დაკავშირებულ პრობლემაზე კითხვებს წერილობით უპასუხეს. კომპანიაში ფანჯრების დაზიანება ძლიერი ქარით ახსნეს და იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ამ დროს ბათუმში სხვა ობიექტებიც დაზიანდა.
„ფაქტის შიდა მოკვლევის დროს დადასტურდა, რომ ამ საცხოვრებელ ბინაში [იგულისხმება დავით ვაშალომიძის ბინა] მიმდინარეობდა შიდა სარემონტო სამუშაოები ან/ და დატოვებული იყო ფანჯრები [კარები] ღია, რის შედეგადაც ძლიერი ქარი მოხვდა ბინაში და მოახდინა ვიტრაჟების დაზიანება“, – ნათქვამია კომპანიის წერილში, თუმცა აქ აღიარებენ იმასაც, რომ რა მოხდა სინამდვილეში, საბოლოოდ გარკვეული არ არის.

სამშენებლო კომპანია ,,DAR BUILDING”-ი ელოდება საბოლოო მიზეზის გარკვევას, რომლის შემდეგ ექნებათ შესაბამისი რეაგირება. როგორც აქ განმარტეს, თუკი დადასტურდება, რომ ვიტრაჟები არასრულყოფილად იყო დამონტაჟებული, ზიანის ანაზღაურებას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააკისრებენ, რომლებმაც ვიტრაჟების სამონტაჟო სამუშაოები შეასრულეს.

მესაკუთრე დავით ვაშალომიძე კი ამტკიცებს, რომ ფანჯარა, ისევე როგორც კარი, დაკეტილი ჰქონდა. მან ბინაში არსებული ვითარების აღწერის მიზნით სააღსრულებლო ბიუროსაც მიმართა და შეადგინა აღწერითი ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც შემდეგ პროკურატურასაც მიმართა განცხადებით. ის ამბობს, რომ 16 იანვარს ბათუმში არ ყოფილა ისეთი ქარი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ისეთ სტიქიად, როცა ახალაშენებული სახლიდან წესების შესაბამისად დამონტაჟებული ფანჯრების დაზიანება იქნებოდა შესაძლებელი: „შევისწავლე დოკუმენტურად და ვიცი, რომ ფანჯარა ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ გაუძლოს 60 მეტრამდე წამში ქარს“.

სინოპტიკოსების ცნობით, 16 იანვარს ბათუმში დაფიქსირდა ძლიერი ქარი – 25 მეტრ/წამში, ამ დღეს ქარმა სხვა ობიექტებიც დააზიანა.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე
შესრულებული სამუშაოების ხარისხს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური არ ამოწმებს. როგორც განგვიმარტეს, მოწმდება მხოლოდ პროექტისა და მშენებლობის შესაბამისობა. გარდა ამისა, მშენებელი ვალდებულია სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე მერიას წარუდგინოს ცნობა ტექნიკური ზედამხედველობიდან ლიფტის გამართულობაზე.

წყარო: http://batumelebi.netgazeti.ge

 

მსგავსი სიალხებეი