აჭარა გიდების მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლებს მასპინძლობს

image
  • 327
აჭარაში გიდების ასოციაციების მსოფლიო კონგრესის მონაწილეები იმყოფებიან. კონგრესში მსოფლიოს 5 კონტინენტიდან 60-მდე ქვეყნის გიდების ასოციაციის პრეზიდენტები და დამფუძნებლები იღებენ მონაწილეობას.

კონგრესის მონაწილეებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. მან აჭარაში ტურიზმის განვითარების, რეგიონის პოპულარიზაციისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის თქმით აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურების, ტურისტული ობიექტებისა და ინვესტიციების რაოდენობაც - „ჩვენმა რეგიონმა და ქალაქმა ბოლო დროს მნიშვნელოვანი მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

გლობალურმა კომპანიამ Airbnb-იმ ბათუმი მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებად დაასახელა მსოფლიოს წამყვან ტურისტულ ქალაქებს შორის. „ნიუ იორკ თაიმსმა“ კი ბათუმი იმ 52 ქალაქის რიცხვში შეიტანა, რომელიც მისივე რეკომენდაციით, 2019 წელს აუცილებლად უნდა მოინახულონ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას ბათუმის და მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გიდების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს და მოინახულეს მაღალმთიანი აჭარა.
კონგრესის საქართველოში გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს გიდების ასოციაცია - ტურისტული გიდების პროფესიული გაერთიანება, რომელიც 2010 წლიდან გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრია.


 

მსგავსი სიალხებეი