ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად

image
  • 710
ვისი მოწვევით ჩამოვიდა ბათუმში რუსული ჯგუფი, რომლის წევრებმაც დღეს, 26 მაისს, საზეიმო მსვლელობის დროს  რუსეთის ფედერაციის დროშები გამოიყენეს? – აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაწილეები ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორებმა მოიწვიეს. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი აჭარის განათლების სამინისტროა. მემედ აბაშიძის გამზირზე დროშებით მარშირებისთვის მინისტრი ინგა შამილიშვილი დღესვე თანამდებობიდან გადააყენეს.

„ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად გვქონდა საუბარი. დაგვპირდა ორგანიზატორი, რომ რუსები არ იქნებიანო,“ – ამბობს თეა ჭანტურიშვილი, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ფესტივალის ორგანიზატორი „კულტურის და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის საზოგადოებაა“. მისი ხელმძღვანელის, ანჟელა ქამუშაძის განმარტებით, დაპირება იმის შესახებ, რომ ფესტივალში რუსეთის წარმომადგენლები არ იქნებოდნენ, მართლაც მისცა სამინისტროს, ოღონდ მხოლოდ სიტყვიერად.

„…რუსეთი ამ ფესტივალში არ მონაწილეობდა. დროშები, სამწუხაროდ, იმ მონაწილეებმა გამოიყენეს, რომლებიც ეთნიკურად რუსები არიან,“ – ამბობს ანჟელა ქამუშაძე. მისივე თქმით, ფესტივალში რუსული ჯგუფი ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის მოწვევით ჩამოვიდა.
„ჩვენ ვიწვევთ ყველას, მაგრამ გაცხადებული გვაქვს, რომ რუსეთი არ იქნება ამ ფესტივალზე… შესაბამისად, რუსულ ორგანიზაციებთან არ ვთანამშრომლობთ. უკრაინულმა ორგანიზაციამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ მონაწილეობას მიიღებდა ფესტივალში ჯგუფი „სალსკი“. მე არ ვიცოდი, რომ ამ ჯგუფში მხოლოდ რუსები იყვნენ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ანჟელა ქამუშაძემ.

რატომ არ ჩათვალა საჭიროდ განათლების სამინისტრომ სამართლებრივი რეგულაციის დაწესება, რომლის მიხედვითაც რუსეთს მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის საშუალება არ ექნებოდა? – კულტურის დეპარტამენტის უფროსი, თეა ჭანტურიშვილი თვლის, რომ ეს შეცდომა დაუშვეს და ამაზე პასუხისმგებელი მინისტრთან ერთად სხვებიც არიან.

„სიტყვიერ დონეზე ყოველთვის იყო ამის მითითება და იურიდიულ ფორმულირებამდე არ მისულა… ეს იყო პროვოკაცია მათი მხრიდან. ჩვენ ქუჩაში ვერ დავეტაკებოდით და წეწვით ვერაფერს გავხდებოდით… მართალი ხართ, ეს უნდა იყოს გაწერილი“, – გვითხრა თეა ჭანტურიშვილმა, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტრომ 15 ათასი ლარით, ხოლო ბათუმის მერიამ 12 ათასი ლარით დააფინანსა. ფესტივალის ორგანიზატორის მტკიცებით, მონაწილეები თავად ფარავენ ხარჯების ძირითადად ნაწილს.

 

მსგავსი სიალხებეი