მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი

image
  • 235
ბოლო პერიოდში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ ერთი ლარით გაძვირდა. სწორედ ამიტომ მწეველთა ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რაც გაცილებით იაფია. რამდენით შემცირდა ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია და რამდენით გაიზარდა გასახვევი თამბაქოს მოხმარება, ოფიციალური სტატისტიკა ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს.

ბათუმში სიგარეტი და თამბაქო ბითუმად, ძირითადად,  წერეთლის ქუჩაზე იყიდება. ფილტრიანი სიგარეტით მოვაჭრეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ გაყიდვები თითქმის განახევრდა.

„ბევრი თამბაქოზე გადავიდა, ზოგმა თავიც კი დაანება მოწევას, ალბათ. 50%-ით შემიმცირდა ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით. მარტიდან კიდევ გაძვირდებაო ამბობენ და ეს მაჩვენებელიც განახევრდება და თუ ასე გაგრძელდა, წავალ ალბათ სახლში“, – გვითხრა ფილტრიანი სიგარეტით მოვაჭრემ.
ადგილობრივი [აჭარაში მოყვანილი] თამბაქოს გამყიდველების თქმით, ახლა შედარებით მეტ თამბაქოს ყიდიან, ვიდრე ერთი თვის წინ, მაგრამ ადგილობრივ თამბაქოზე გაცილებით მეტად მოთხოვნა ევროპულ თამბაქოზე გაიზარდა.

ეს დაგვიდასტურა იმ გამყიდველმა, რომელიც აქ ე.წ. ევროპული თამბაქოთი ვაჭრობს: „გაცილებით ბევრი ყიდულობს მას შემდეგ, რაც ფილტრიანი სიგარეტი გაძვირდა. თუმცა, დღეს [15 თებერვალს – ავტ.] 50-თეთრით გაძვირდა თამბაქო. კილოგრამი გუშინ 60 ლარი რომ ღირდა, იმ თამბაქოს დღეს 65 ლარად ვყიდი. ფასები სხვადასხვა თამბაქოზე სხვადასხვაა და კილოგრამი 85 ლარიც ღირს“.

„ვეწეოდი შედარებით დაბალფასიან სიგარეტს, რომელიც ღირდა 3,7 ლარი. დღეში ერთი კოლოფი არ მყოფნიდა და თვეში მიჯდებოდა 150 ლარამდე. ეს სიგარეტი ახლახან ისევ გაძვირდა, ამიტომ მთლიანად გადავედი გასახვევ თამბაქოზე. ახლა დღეში, საშუალოდ, თამბაქოში 1,1 ლარს ვხარჯავ, ანუ თვეში გამოდის 33 ლარი. გასახვევი თამბაქო სამჯერაც რომ გაძვირდეს, მაინც მოგებული ვრჩები ფინანსურად, ვინაიდან თვეში დამეხარჯება 100 ლარამდე, 200 ლარის ნაცვლად“, – გვეუბნება ერთ-ერთი მწეველი.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის მიუხედავად, აშკარაა გასახვევ თამბაქოზე მოთხოვნილების ზრდა, ამ უკანასკნელის დაბალი ფასის გამო:

„როცა 2017 წელს ფილტრიანი სიგარეტის აქციზი გაიზარდა, მწეველთა ნაწილი უფილტრო სიგარეტზე გადავიდა, რადგან აქციზის გადასახადი და, შესაბამისად, ფასიც იყო დაბალი. ახლა უფილტრო სიგარეტის აქციზი გაიზარდა და 60 თეთრის ნაცვლად 1 ლარი და 10 თეთრია, ამიტომ უფილტრო სიგარეტიც გაძვირდა. შესაბამისად, მწეველთა ნაწილი უკვე გასახვევ თამბაქოზე გადავიდა. ბაზარზე ასეთი თამბაქოს ფასი საკმაოდ დაბალია, ვინაიდან აქციზის გადასახადს, რაც დაწესებულია კანონით, გასახვევ თამბაქოზე არავინ იხდის“.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში ამბობენ, რომ 1 კილოგრამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 35 ლარია, თუმცა ამას, ფაქტობრივად, არავინ იხდის, არც ადგილობრივ თამბაქოზე და არც იმპორტირებულზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის ნედლეულის სახით.

„ნედლეულის სახით შემოტანილი თუ ადგილობრივი თამბაქო, იქნება დაუჭრელი – ფოთლების სახით თუ დაჭრილი და გასახვევად გამზადებული, როცა ბაზარში იყიდება, მასზე გადასახადი უნდა გადაიხადონ. მართალია, ამ გადასახადს არავინ იხდის, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონტროლი ამ კუთხით უნდა გამკაცრდეს. არა თუ 35 ლარი, არამედ 1 კილოგრამ გასაყიდ თამბაქოზე გადასახადი 100 ლარი მაინც უნდა დაწესდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მწეველს, რომელიც ფილტრიან სიგარეტს ეწევა, ფასის გამო არ უნდა უღირდეს უფილტრო თუ გასახვევ თამბაქოზე გადასვლა“, – ამბობს გიორგი ბახტურიძე.
მისივე თქმით, ადგილობრივი თამბაქო ძალიან ცოტაა, შესაბამისად, თამბაქოს იმპორტი გასულ წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა – „თამბაქო შემოდის სხვადასხვა ფორმით, დაფასოებულიც, რაზედაც იხდიან გადასახადს და ნედლეულის სახითაც – ზოგი მიდის ფაბრიკამდე და ზოგიც ბაზარზე უაქციზოდ იყიდება“.

„35 ლარი რომ გადასახადი გადავიხადოთ, მაშინ ერთი კილო თუთუნი, რომელსაც, საშუალოდ, 50 ლარად ვყიდით დღეს, 100 ლარად უნდა გავყიდოთ და არ მგონია ამ ფასად გაიყიდოს. დავანებებთ ალბათ თავს და წავალთ სახლში. ისე, ვინმე რომ ჩაიბარებდეს თამბაქოს, თუნდაც სახელმწიფო, აქ საერთოდ არ დავდგებოდით“, – ამბობენ ადგილობრივი თამბაქოს გამყიდველები.

ფილტრიან სიგარეტზე მართალია აქციზის გადასახადი არ გაზრდილა, თუმცა სიგარეტი მაინც გაძვირდა. გიორგი ბახტურიძის თქმით, ამის მიზეზი, ძირითადად, ადვალური გადასახადის გაძვირებაა.

საქართველოში სიგარეტზე აქციზის გარდა იხდიან ადვალურ გადასახადსაც, რომელიც სიგარეტის ფასიდან გამომდინარეობს. ეს გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე მისი ღირებულების 10% იყო. მთავრობამ იგი სამჯერ, 30%-მდე გაზარდა. ასეა იმპორტირებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე, ადგილობრივ ნაწარმზე კი ეს გადასახადი კვლავ 10% დატოვა.

გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარეტი კიდევ გაძვირდება „იქედან გამომდინარე, რომ ზოგს ადვალური გადასახადის და აქციზის გაძვირებამდე ჰქონდა სიგარეტი შემოტანილი, რაც ძველი აქციზით იყიდება. ახალი აქციზით რაც შემოვა, იმაზე ფასებიც გაიზრდება“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარში თამბაქოს ნაწარმზე ფასები 20 პროცენტით გაიზარდა.

ამავე სამსახურის მონაცემებით:
2018 წელს საქართველოში 202 943 900 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმია [სიგარეტი, სიგარა და სხვ.] შემოტანილი, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე [113 390 900 აშშ დოლარი].

2018 წელს საქართველოდან გატანილია 160 567 700 აშშ დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, რაც თითქმის 3,5-ჯერ მეტია 2017 წლის ექსპორტთან შედარებით [47 033 200 აშშ დოლარი].

თუ იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლებს შევადარებთ და გავითვალისწინებთ, რომ საქართველოდან ძირითადად იმპორტირებული თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი გადის, გამოდის, რომ 2017 წელს უშუალოდ საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 66 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტირებული თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი დარჩა, ხოლო 2018 წელს გაცილებით ნაკლები  – 42 მილიონი აშშ დოლარის.

 

მსგავსი სიალხებეი