კესარია: ,,არაფერს ვნანობ, ჩემი ქვეყანა ვასახელე”

image
  • 423
კესარია აბრამიძე ბარსელონაში, ტრანსგენდერების სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე “მის ტრანს ვარსკვლავი” დიდი იმედებით გააცილეს საქართველოდან, წერდნენ, რომ ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა და ასეც მოხდა. მართალია, “მის ტრანსის” გვირგვინით ვერ დაბრუნდა, მაგრამ ხუთეულში მოხვდა. კესარია ამბობს, რომ გამარჯვებაში ქართულმა ხასიათმაც შეუშალა ხელი, სხვების მითითებებს არ ემორჩილებოდა, თავისი წესებით ცხოვრობდა. იყო სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც, რომლებზეც ის “სარკესთან” საუბრობს.

– კესარია, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით კონკურსიდან?

– არ ვთვლი, რომ ვერ გავიმარჯვე, პირიქით, გახარებული ვარ, რადგან ტოპ ხუთეულში მოვხვდი. ბევრი კარგი შემოთავაზება მივიღე, გამიცნო მთელმა მსოფლიომ, წარმოვაჩინე ჩემი ქვეყანა და საქართველო მსოფლიოს გავაცანი.

მეტი შემეძლო, მაგრამ რა დონეზეც ვიყავი მომზადებული, ის შედეგი მივიღე. იქ იყვნენ კონკურსანტები, რომლებსაც ათამდე ადამიანი ახლდათ – იმიჯმეიკერები, ვიზაჟისტები, მეიქაფქოლორები, ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ გარდასახვას ახდენდნენ. მე აბსოლუტურად მარტო ვიყავი და აღმოჩნდა, რომ მოუმზადებელიც. მეგონა, ის ვიზაჟისტობა, რაც მე ვიცოდი, გამომადგებოდა, მაგრამ სცენას, განათებას, სხვა რაღაცები სჭირდებოდა..

– როგორი იყო შიდა სამზარეულო, ხომ არ ინანეთ, რომ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა?

– არაფერს ვნანობ, ჩემი ქვეყანა ვასახელე. სილამაზის კონკურსი სულ სხვანაირი წარმომედგინა – გაცვია ლამაზი სამოსი, გიკეთია მაკიაჟი და მორჩა, ეგ არის. გადატვირთული გრაფიკი იყო, რისთვისაც მზად არ აღმოვჩნდი. უძილობამ ძალა წამართვა, გაღიზიანებული ვიყავი, რადგან დღე-ღამეში 3-4 საათი მეძინა. სხვა მონაწილეები დილის 5-6 საათზე უკვე საღამოს ვარცხნილობით იყვნენ, მე – ჩუსტებით და უმაკიაჟოდ.
იქ გულშემატკივარიც არ მყავდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, როდესაც მე გამოვდიოდი, სულ ისმოდა შეძახილი: “ჯორჯია, ჯორჯია”. ბარსელონაში გამომიჩნდნენ ქომაგები, რომლებიც გიჟდებოდნენ ჩემზე…

კესარია: ,,არაფერს ვნანობ, ჩემი ქვეყანა ვასახელე"

– აღნიშნავდნენ, რომ წელს დიდი კონკურენცია იყო, რადგან ძლიერი კონკურსანტები მონაწილეობდნენ. ეს ხომ არ ძაბავდა ურთიერთობებს თქვენ შორის?

– გადაღლილები და წაშლილები ვიყავით, მაგრამ მაინც შევძელით, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. რამდენიმე მონაწილისგან კი ცოტა სხვანაირ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. ისინი იყვნენ ბრაზილიის, ფილიპინებისა და ტაილანდის წარმომადგენლები (კონკურსის გამარჯვებული ტაილანდელი გახდა).

– რამდენიმე ვიდეოს ვუყურე, სადაც ჩანს, რომ მონაწილეები ზედმიწევნით ასრულებდნენ დავალებებს. ერთადერთი იყავით, რომელიც არ აქცევდა ყურადღებას დღის წესრიგს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ დამოკიდებულებამ დაგაკარგვინათ ქულები?

– ნამდვილი ქართველი მონაწილე ვიყავი, არაფერს ვემორჩილებოდი, ვეწეოდი სიგარეტს, რაც აკრძალული გვქონდა. გადაღლილი ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი სამყარო მქონოდა. ვეღარ ვიყავი ბრძოლისუნარიანი. ვარჯიშის, ცეკვის დროს, როცა ყველა ერთი ერთში იმეორებდა მოძრაობებს, მე ჩემთვის ვიყავი. ამ ყველაფერმა იმოქმედა და მინუსები მეწერებოდა. ჩემს გარეგნობას მთლიანად მივენდე და ასეთ დეტალებზე ყურადღება აღარ გამიმახვილებია.
სხვა მონაწილეების მსგავსად 24 საათი რომ მემუშავა, მაღალი ქულები მექნებოდა. სულ ისმოდა “ჯორჯია” და შენიშვნებს მაძლევდნენ. დაუმორჩილებელი ვიყავი. საერთოდ არ ვარ მიჩვეული ვიღაცის უფროსობას და ხუთოსნობას, მე საქართველში ძალიან განებივრებულ ცხოვრებას ვარ მიჩვეული.

– ეს არამხოლოდ სილამაზის კონკურსი იყო, მონაწილეები თავიანთ გამოსვლებში ყვებოდნენ ისტორიებს, სადაც ასახული იყო ის პრობლემები, რაც ტრანსგენდერ ქალებს აწუხებთ. საქართველში ბევრმა გაგაკრიტიკათ, რომ თითქმის არაფერი თქვით იმ პრობლემებზე, რაც ტრანსგენდერ ქალებს ექმნებათ. რატომ?

– ჩვენი რეალობა რომ იქ ამესახა, პირველ ადგილს ავიღებდი. საქართველოში ტრანსგენდერებს კლავენ და წვავენ. შემეძლო, ყველაფერი მელაპარაკა, რაც ჩვენთან მომხდარა. ასეთი ისტორიები არავის ექნებოდა, მაგრამ მთელ მსოფლიოს საქართველოზე შეექმნებოდა წარმოდგენა, რომ ვართ განუვითარებლები, სადღაც ჩარჩენილები და გოიმი ერი. არ მინდოდა, ჩემს ქვეყანაზე მესაუბრა ცუდად იმ ფონზე, როდესაც აქ საკმაოდ ცნობილი ვარ და მხედავდნენ, როგორი განებივრებული ვიყავი გულშემატკივრებით საქართველოდან.
რა თქმა უნდა, ზედაპირულად გავაკეთე განცხადება და ვისაუბრე, რომ ჩემს ქვეყანაში არსებობს ჰომოფობია, ლგბტ თემს აქვს პრობლემები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ, ქართველები ლოიალური და პროგრესული ერი ვართ, ჩვენ ვვითარდებით და გვაქვს კარგი მომავალი. არამხოლოდ ნეგატივზე, დადებით მხარეებზეც ვისაუბრე. მინდოდა, ჩემი ქვეყანა კარგად წარმომეჩინა, რადგან ვამაყობდი, რომ ქართველი ვიყავი. ჩემთვის მსოფლიო საქართველოდან იწყება.

– კიდევ ერთი უხერხულობა იყო – თარჯიმანი, რომელიც არასწორად თარგმნიდა.

– ყველამ დაწერა, ორი ღერი ინგლისური გესწავლაო. ინგლისური სასაუბრო დონეზე ვიცი, მაგრამ ისე არა, რომ მსოფლიოს წინაშე გამართულად მელაპარაკა. მხოლოდ ორმა თუ სამმა მონაწილემ ისაუბრა ინგლისურად, დანარჩენები თავიანთ ენაზე ამბობდნენ სიტყვას და მე რატომ არ უნდა მელაპარაკა მშობლიურ ენაზე?

კი, არასწორად მითარგმნეს, მაგრამ არ მქონდა ამდენი შესაძლებლობა, რომ პირადი თარჯიმანი წამეყვანა. მე არ ვიყავი მაღალ დონეზე მომზადებული, ისე, როგორც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მაგალითად, ტაილანდის და იმ ქვეყნების, რომლებიც სამეულში მოხვდნენ. მათ თავიანთი ქვეყნებიდან ჰქონდათ ფინანსური მხარდაჭერა.

ჩემი თარჯიმანი იყო გოგონა, რომელიც 25 წელია ბარსელონაში ცხოვრობს. ჩემი გულშემატკივარია. ის დამხვდა აეროპორტში, მიმიყვანა დანიშნულების ადგილას, ყურადღებას მაქცევდა. ქართული არ ახსოვდა და რაც ახსოვდა, ისე მითარგმნა.

– საზოგადოებას ხშირად უჩნდება კითხვები, საიდან გაქვთ ფინანსები.

– მაქვს ჰონორარები, გადაღებები, რეკლამები, პიარს ვუკეთებ სალონებს, თავის მოვლის საშუალებებს. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ისე იცხოვრო, როგორც მე ვცხოვრობ, მაგრამ ჩემ გვერდით არის ბოიფრენდი, რომელიც ყველაფერს მიკეთებს და მხარში მიდგას.
ოჯახის წევრები ძალიან მგულშემატკივრობდნენ. აეროპორტში მამაჩემმა დამირეკა და სტიმული მომცა. დედა და ჩემი და ნერვიულობდნენ. ჩემი ბოიფრენდიც ღელავდა და დიდ ძალას მაძლევდა.

– როგორც გავიგე, მომავალ წელს თქვენ იქნებით ამ კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც უფლება ექნება, “მის ტრანს საქართველო” გამოავლინოს. გვიდასტურებთ ამ ინფორმაციას?

– გიდასტურებთ, რომ შემიძლია ჩავატარო და ოფიციალური უფლება ავიღო, მაგრამ ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენს ქვეყანაში ცოტა ტრანსგენდერია საკონკურსო ტიპაჟის, რომ მსგავს კონკურსზე გაუშვა და მსოფლიოს ანახო. შესაძლებელია ერთხელ ჩატარდეს, მაგრამ მომავალ წელს გაიჭედო. მერე რა უნდა ქნა?

– თქვით, რომ გაქვთ შემოთავაზებები. ერთ-ერთი გაგვიმხილეთ.

– ერთ-ერთმა ოსკაროსანმა რეჟისორმა შემომთავაზა ფილმში გადაღება. კიდევ არის რამდენიმე პროექტი სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ფოტოსესიები.

– მინდა, შევეხოთ მითქმა-მოთქმას, რომელიც ეროვნული სამოსის ტურში თქვენს გამოსვლას მოჰყვა. ამბობდნენ, რომ არ იყავით ისეთი შთამბეჭდავი, როგორსაც ელოდნენ. თქვენ ამის მიზეზად ის დაასახელეთ, რომ არც ერთმა კომპანიამ ისურვა, თქვენთვის ეროვნული სამოსი ჩაეცმია.

– დიახ, ამ ტურზე ვერ წარვდექი ისე, როგორც მინდოდა. საქართველოში სადაც მივედი, ყველგან უარი მითხრეს, ასეთ კონკურსზე ვერ გაგატანთო. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლელა წურწუმიას, რომელმაც ეროვნულთან მიმსგავსებული თავისი სამოსი ჩამაცვა. ბოლო დღეებში შეკერვას ვეღარ მოვასწრებდი და ლელამ თავისი სასცენო კოსტიუმი მათხოვა, რომელიც იყო ძალიან სადა. ჩვენ ბევრად წარმოსადეგი ეროვნული სამოსი გვაქვს, ეს უბრალოდ ლელას სასცენო კაბა იყო. სხვებს საოცრებები ეცვათ, ჩემი კი იმდენად სადა იყო, დავიკარგე.

ეროვნული სამოსის ერთ-ერთი მაღაზიის, “ჩოხა.ჯი”-ის დამფუძნებლის, ნუგზარ კვანტალიანის, რამდენიმე კომენტარი გავრცელდა მასმედიაში, სადაც ის ამბობს, კესარიას იმიტომ ვერ ჩავაცვით, რომ უბრალოდ 4-5 ნოემბრისთვის თავისუფალი სამოსი არ გვქონდაო. როცა მას დავუკავშირდით, ჩვენთან მიზეზად სულ სხვა რამ დაასახელა.

ნუგზარ კვანტალიანი:

– კესარიამ განაცხადა, რომ “ჩოხა.ჯი”-მ ქართული სამოსი არ ჩააცვა. მის წარმომადგენელს კულტურულად ვუთხარი, რომ 4-5 ნოემბრისთვის არ გვქონდა თავისუფალი სამოსი და ვერ ჩავაცმევდით. მისთვის რეალური მიზეზი არ მითქვამს. მიზეზი ის იყო, რომ ის არის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი და ქართულ სამოსს სწორედ ამიტომ არ ჩავაცმევდი.

– რატომ, რა დაშავდებოდა, თუ ეროვნულ სამოსს ჩააცმევდით?

– ამიხსენით, რა სამოსით უნდა შემემოსა. ჩემთვის გაურკვეველია, ეს პიროვნება ქალია თუ მამაკაცი.

– მას საკუთარი იდენტობა გარკვეული აქვს, ამბობს, რომ არის ქალი, შესაბამისად პასუხი მარტივია. არ ფიქრობთ, რომ ამ დამოკიდებულებით მის უფლებას არღვევთ?

– არა, რადგან ეს არის ჩემი ქრისტიანული პოზიცია. ეს ყველაფერი სასტიკად ეწინააღმდეგება ღვთის ნორმებს. თქვენ თუ იცით, სოდომი და გომორი რატომ განადგურდა, მაშინ ალბათ მიხვდებით ჩემს პოზიციას. ჩემი კომპანია ქართველ ჩოხოსნებს ემსახურება და კესარიას ნამდვილად ვერ ჩავაცმევდი ჩოხას.

– არ ფიქრობთ, რომ ასეთმა პოზიციამ შეიძლება მარკეტინგულადაც დაგაზარალოთ?
– მე ყოველთვის გვერდით ვუდგავარ საქართველოში ჩატარებულ კონკურსებს და ამაში დამეთანხმება უამრავი სამოდელო სააგენტო, რომლებიც საქართველოშია. ასობით მოდელს უსასყიდლოდ ვაცმევ. ჩემთვის ბიზნესი, ფული მთავარი არ არის.

ნუგზარ კვანტალიანის პასუხის შემდეგ ისევ კესარიას მივმართეთ, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ამაზე.
– რა პასუხი უნდა გავცე ასეთ დაბალი დონის აზროვნების ადამიანს, რომელსაც ასეთი მდაბიო შეხედულება აქვს? ბატონი ნუგზარი სიბნელეშია და დიდი ხანი დასჭირდება, რომ ნათელში გამოვიდეს. რა უნდა ველაპარაკო, სასაცილოა ჩემთვის, – გვითხრა კესარია აბრამიძემ.

ლევან ქემოკლიძე, ჟურნალი სარკე

 

მსგავსი სიალხებეი