,,ქმარს ღალატს რომ ვპატიობ, მძახალი უთავმოყვარეოს მიწოდებს”

image
  • 924
სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ავი სიტყვა “ურჩევნიათ სულსა, გულსა”. ასეთებს სიავე ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი, ამის გარეშე ვერ არსებობენ. სხვისი ნერვების ჭამით იკვებებიან, სხვისი დამცირებით და ლანძღვით ცდილობენ თვითშეფასების ამაღლებას, თვითდამკვიდრებას.
ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ელენე დიდი პრობლემის წინაშეა, მისი ქალიშვილის ოჯახი დანგრევის პირასაა, ამის მიზეზი კი მძახალია, რომელიც თვით ელენესა და მისი ქმრის პირად ცხოვრებაშიც კი ერევა.


ელენე:

– მძახალი გამუდმებით ცდილობს ჩემი შვილის ოჯახის დანგრევას. ჩემი შვილი, ია, მართლაც იასავით სიფრიფანა, ცისფერთვალება, ლამაზი, ნაზი, მაგრამ აქტიური გოგოა. სწავლაშიც მოწინავე იყო.

მე და ჩემმა ქმარმა ოჯახის მთელი ბიუჯეტი შვილების აღზრდა-განვითარებას მოვახმარეთ. სამი შვილი გვყავს, ია უფროსია. გვეგონა, გზას გაიკაფავდა, წარმატებული იქნებოდა, მაგრამ…

22 წლის გათხოვდა. იას და მის მომავალ ქმარს, მინდიას, ერთმანეთი უყვარდათ. სუბიექტურობად არ ჩამითვალოთ, მაგრამ იას გაცილებით მეტი ეკუთვნოდა, მინდია მისი შესაფერისი არ არის არც ფიზიკურად, არც ოჯახიშვილობით, არც განათლებით და შეგნებით. რაკი სიყვარული ეწვია, მის საქმეში არ ჩავერიე და არც სხვებს მივეცი ამის უფლება.

ჩემმა მეუღლემაც სიძე შვილივით მიიღო და ჩაიხუტა. მინდია დედისერთაა. დედამისმა ის კარგ შვილად გაზარდა. ვგულისხმობ იმას, რომ სათავისოდ გაზარდა, მინდია ყველას და ყველაფერს გაწირავს მის გამო.

თავიდან მეგონა, რაკი დედის მიმართ თბილი და ყურადღებიანია, ცოლის მიმართაც ასეთივე იქნებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! ე.წ. დედიკოს ბიჭები არ არიან კარგი ქმრები.


— რამ გამოიწვია თქვენი გაწბილება, როგორი ქმარი და სიძე გამოდგა მინდია?

– ახალგაზრდები თვითონ ყოფილიყვნენ ტკბილად ერთმანეთში და კარგ სიძობას ვინ სთხოვს?! თავიდან მათი ცხოვრება ნორმალურად აეწყო. ჩემი ქმარი ფინანსურ დახმარებას არ იშურებდა.

სამწუხაროდ, მინდიას თავისი მამა ნანახიც კი არ ჰყავს. ჩემგან უხერხულია ამის თქმა, მაგრამ რაკი გულწრფელად ვყვები, ვიტყვი, რომ, მგონი, დედამისს არც ახსოვს, ვისგან ჰყავს შვილი… და ასეთი ქალები დროთა განმავლობაში მორალისტებად, დიდაქტიკოსებად იქცევიან ხოლმე, შენში ეძებენ შეცდომებს, რომ რამეში გამოგიჭირონ და მერე შეურაცხგყონ, გაგსვარონ. რამე თუ შეგეშალა, არ დაგინდობენ.


— როგორ მიიღო ამ ქალმა ია რძლად?

– თითქოს გაიხარა ვაჟის ბედნიერებით, მაგრამ მალევე გამოამჟღავნა ავი დედამთილობა. ია ტანადია, გემოვნებით იცვამს. ფულს ჩვენ ვაძლევთ.
დედამთილი მუშაობს მაღალანაზღაურებად სამსახურში, მაგრამ რძლისთვის ფულს არ იმეტებს. გადასახადებს თუ იხდის და საჭმელი შეაქვს (ჩვენც ვეხმარებით), იმასაც სალაპარაკოს ხდის, თითქოს ოჯახში რძლის შესვლამდე მის კისერზე არ იყო ყველაფერი. შვილს არ საყვედურობს, არც რამეს სთხოვს, მინდიასაც ხომ აქვს ხელფასი… და რა გამოდის, ია არის ზედმეტი?


— იას რაში ეჯიბრება დედამთილი?

– იას რომ ახალ ტანსაცმელს ვუყიდით, მისი დედამთილი დღეს არ დაკარგავს, გაიქცევა და თავისთვისაც რამეს შეიძენს. არ მახსოვს, რძალზე ეთქვას, რა კარგი გოგოა ან რამე უხდებაო. იას სილამაზეს ყველა აღნიშნავს, მის გარდა. თუ ვინმე მოიწონებს, დედამთილი პასუხად დაუხვედრებს: “აი, მე რომ ახალგაზრდა ვიყავი…” ანუ ია ჩემთან ვერ მოვაო.

სამაგიეროდ, სხვის რძლებს აქებს და ადიდებს. შეიძლება არც ისინი მოსწონს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამას თავისი რძლის გულის გასახეთქად აკეთებს. იამ გათხოვებამდე კერძების მომზადება არ იცოდა, მერე ისწავლა და როგორც ყველაფერში, ამ საქმიანობასაც გულმოდგინედ მოეკიდა. დედამთილს ერთხელ არ წამოსცდენია, მისი გაკეთებული კერძი გემრიელიაო, პირიქით. სამაგიეროდ, მეზობლების რძლების მომზადებულ სადილებზეა დაფეთებული.


— თქვენი აზრით, დედამთილის ასეთი ქცევა რაზე მიანიშნებს, არ უნდა ია რძლად?

– მის ეგოიზმზე მიუთითებს. ვერ იტანს, რომ ია მასზე კარგია. თვითშეფასებას უქვეითებს. 58 წლის ქალი ახალგაზრდას ედრება. იაზე უკეთესი გოგო ოჯახში არც შეუვიდოდა, მინდიას ცოლად არ გაჰყვებოდა. რომ ნახოთ, თავად დარწმუნდებით, რამხელა სხვაობაა.


— იასთვის მძიმე ასატანი იქნება ასეთი დამოკიდებულება.

– თავიდან არ იმჩნევდა, არც ჩვენთან გამოხატავდა, მაგრამ რას გამომაპარებდა? ცდილობდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ დედამთილის გული მოეგო, მაგრამ მაგ ქალთან რას გახდებოდა!


— დამალული წყენა დროთა განმავლობაში გროვდება და შეიძლება სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ამ შემთხვევაში როგორ მოხდა?

– იამ დედამთილს ერთ რამეში რომ გაუწია ანგარიში, მეორეც მოსთხოვა, მეორეს მესამე მოჰყვა და ა.შ. რა გამოვიდა – შვილი თავხედად რომ არ გავზარდე, ამიტომ უნდა დაეჩაგრა ქმრის ოჯახს?!

იას ზედიზედ შეეძინა ორი ბავშვი. დედამთილმა არ ისურვა, დამხმარე აეყვანა მისთვის, იას რომ სამსახური დაეწყო. ბავშვები შაბათ-კვირას გამომყავს, სხვა დღეებში არ მცალია, შვილები მყავს მისახედი. მე და ჩემმა ქმარმა ძიძა ავუყვანეთ შვილიშვილებს, მაგრამ იას დედამთილმა გააგდო. უშვერი სიტყვებით ელაპარაკებოდა, ლანძღავდა და ძიძა იძულებული გახდა, წასულიყო.

მერე მეორე ავუყვანეთ, მესამეც… ყველა გააქცია, ვერავინ იგუა სახლში. ია იძულებული გახდა, სამსახურზე უარი ეთქვა. რომელი ახალგაზრდა რძალი ჩაიკეტება სახლში და უარს იტყვის ყველაფერზე ოჯახის გამო? მესმის, რომ დედის უპირველესი მოვალეობა შვილების აღზრდაა, მაგრამ ამის გარდა ხომ არის სხვა, პიროვნული ცხოვრებაც?

ჩემმა შვილმა ქმარს რომ შესჩივლა, მინდიამ ისე გააფთრებით დაიცვა დედამისი, თითქოს ვინმე ესხმოდა თავს. მისთვის დედის სიტყვა კანონია.


— მინდია თავად რატომ არ ფიქრობს, ცოლს განტვირთვის საშუალება ჰქონდეს? კაცის ასეთი დამოკიდებულება ოჯახში დაძაბულობას წარმოშობს.

– მინდია დედის სიტყვას ემორჩილება. არ ვიცი, ჩემი შვილი ამ დაძაბულობას როგორ გაუძლებს, მეშინია, ოჯახი არ დაენგრეს. აქამდე მშვიდობის მტრედს ვთამაშობდი, მაგრამ, როცა იას დედამთილი მეც გადმომწვდა, უკვე მიჭირს იმავე პოზიციის შენარჩუნება.


— თქვენ რაღას გერჩით?

– საქმე ჩემს ოჯახურ პრობლემაშია. გათხოვილი ქალი თუ არ მოითმენ, დარჩები უქმროდ. არც ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის ყოფილა ყოველთვის დალხენილი ურთიერთობა, მაგრამ ვითმენდი, უარყოფით მუხტს ვანეიტრალებდი. კაცს თუ ფული აქვს, ბუნებით რბილია და ფიზიკურად სიმპათიური, ქალები ეძალებიან და კაცის მონადირებაც არ უჭირთ.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩემი ქმრის გვერდით იყო სხვა ქალი. მტაცებლებს რა დალევს! ვგულისხმობ არამხოლოდ შემთხვევით კავშირებს. გონივრულად რომ არ მოვქცეულიყავი, ქმარს დავკარგავდი.


— ძალიან ძნელია ასეთ სიტუაციაში ცოლის მხრიდან თავშეკავება, გონივრულად მოქცევა. როგორ ახერხებდით?

– სწორედ ჩემმა თავშეკავებამ გადამირჩინა ოჯახი. არ ვიმჩნევდი, რომ რამე ვიცოდი. ვცდილობდი, ჩემი ემოციებით ქმრისთვის ცხოვრება არ დამემძიმებინა, ჩემი ღირსებები წამომეწია, მისთვის საიმედო და სასურველი ვყოფილიყავი. ვცდილობდი, ჩემს “მეტოქეზე” არანაკლები გამოვჩენილიყავი. ქმარს არ ვზღუდავდი.

მეუღლე რომ შემებოჭა, ზამბარის პრინციპით შეიძლება უფრო გაეწია სხვისკენ. ასეთი ქცევა ქალისგან დიდ ნერვებს მოითხოვს. ძნელია ცოლმა და, მით უფრო, სამი შვილის დედამ, რომელსაც მრავალი საზრუნავი აქვს, ეს შეძლოს, მაგრამ სიყვარული და ოჯახის შენარჩუნების სურვილი ძალას მაძლევდა.
სხვა საკითხია, ქმარს თუ არ უნდიხარ. ლევანს ყოველთვის ვუყვარდი, მაფასებდა, ამას სულ ვგრძნობდი. შეიძლება ქორწინების რაღაც ეტაპზე ამან სხვა სახე მიიღოს, უფრო დაღვინებული და მშვიდი განცდა მოვიდეს, მაგრამ ქალი ქმრის სიყვარულს უსიტყვოდ გრძნობს. სამი შვილის დედას არც გაქვს უფლება, პირადი თავმოყვარეობის და “ეგოს” შელახვის გამო ოჯახი არიო.

ქმარი შეიძლება დროდადრო სხვასთან დადის, მაგრამ შენ თუ ამას ბომბად აქცევ და ოჯახურ იდილიას, ურთიერთობას ააფეთქებ, გამოვა, რომ შენ ანგრევ ოჯახს და არა – ქმარი. შეიძლება კაცს ოჯახის დანგრევა სულაც არ უნდა.


— ვერ დაგეთანხმებით ყველაფერში, მაგრამ არც შეგეწინააღმდეგებით.

– მერწმუნეთ, რაც მეტად შეზღუდავთ კაცს, მით მეტად გაიწევს სხვისკენ. ამას პირადი გამოცდილება მკარნახობს. კაცს უნდა ეგულებოდეს თბილი კერა ოჯახში, რასაც ვერასდროს დათმობს. ბუნებით პატიოსანი კაცი ბოლომდე ვერ წავა სხვასთან, ცოლს თუ უღალატა, ოჯახს მაინც ვერ უღალატებს.


— თქვენი ოჯახის ეს მდგომარეობა რა კავშირშია იას დედამთილთან?

 ამას წინათ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით. ჩემს ქმარს ახალგაზრდა ქალმა შვილი გაუჩინა. თბილისში რა დაიმალება! მესამე პირისგან შევიტყვე. შვილებისთვის არ გამიმხელია, არც ქმრისთვის მითქვამს რამე, უხმოდ მივიღე ეს ტკივილი და ვეცადე გამკლავებას.

რაც უნდა მოხდეს, ოჯახს არ დავანგრევ, არც ჩემს ქმარს გადავუქცევ ცხოვრებას ჯოჯოხეთად! ის ქალი თავისთავად უკვე დიდი საფრთხეა, მაგრამ უმწეო ბავშვმა არაფერი დააშავა, რომ დაიბადა. რამხელა ძალისხმევა სჭირდება ცოლს, ეს რომ მოინელოს და გადალახოს.

იას დედამთილმა შეიტყო ვიღაცისგან და მაშინვე სალაპარაკო გახადა. ჯერ ია შეიკლა ხელში ამ თემით, ჩემს ქმარს არაკაცად, გარყვნილად იხსენიებს, ლანძღავს. მერე მეც მომწვდა, უთავმოყვარეოს მიწოდებს, ქმარს რომ ვუთმენ და ვპატიობ. პირშიც მითხრა, ღირსეული ქალი ამას არ მოითმენდაო. დადის და ყველასთან ლაპარაკობს ჩემი ოჯახის პრობლემაზე, “მეშჩანკა” გამოვყავარ, ქმრის ფულზე დაფეთებული. თითქოს ამის გამო არ ვანგრევ ოჯახს.

იას დედამთილისთვის სხვა ფასეულობები არ არსებობს და არც არის გასაკვირი, ასეთი აღქმა ჰქონდეს, მაგრამ ხომ შეუძლია ენას კბილი დააჭიროს და ხალხში არ გაგვსვაროს? თითქოს ამას შეგნებულად აკეთებს, უნდა, ჩვენს ფონზე თავისი კაიქალობა დაამტკიცოს.

ყველასთან თავს ვიკავებდი, ამ თემაზე ზედმეტი კითხვის დასმასაც ვერავინ მიბედავდა, იას დედამთილმა კი მთელ სანათესაოს მოსდო და საჭორაოდ აქცია. ვუსაყვედურე, წყენა გამოვხატე… არც შეიძლებოდა გაჩუმება. მისმა თავხედობამ მიმახვედრა, რომ თავიდანვე არაფერი უნდა შემერჩინა მისთვის, ტყუილად ვიკავებდი თავს. მაინც იმდენი ქნა, მოთმინებიდან გამომიყვანა, განხეთქილება და შუღლი ჩამოაგდო.


— რა შედეგი გამოიღო თქვენმა საყვედურმა, შეიგნო რამე?

– რა შეიგნო, უფრო გაგულისდა, მინდია წააქეზა ჩვენ წინააღმდეგ. სიძემ ისეთები იკადრა, სახტად დავრჩი. თითქოს მე ვესხმოდი თავს დედამისს და ვჩაგრავდი, წარმოგიდგენიათ?!

დედამთილი ახლა იას იმას აძახებს, უთავმოყვარეო ოჯახიდან ხარო. იას ცალი ფეხი გარეთ აქვს, უჭირს გაძლება, გაქცევაზეა… ქმარიც ზემოდან უყურებს უკვე. ვერაფერი გამიგია. იქნებ უმჯობესია, მოვკიდო ხელი შვილს და წამოვიყვანო, სანამ ბოლომდე გამოუჭამენ ნერვებს. შვილიშვილებსაც გავზრდით როგორმე. მაგ დაძაბულობაში ბავშვებს რა ფსიქიკა შერჩებათ?

ია რომ წამოვიყვანო, მისი დედამთილი იტყვის ჩემზე, ოჯახი დაუნგრიაო, არადა თავად უნგრევს, წლებია აგურს აგურზე აცლის, ახლა საძირკველსაც მიადგა. მთელი ცხოვრება ოჯახის ერთიანობას ვიცავდი, უკვე სხვაგვარად ვფიქრობ – შვილის ნერვებს ვერავის შევაჭმევინებ.
მივხვდი, რომ მოყვარე კი არა, მტერი მყოლია მძახლის სახით. ეგ ოჯახი იას ღირსი არ არის!

(თქვენი პირადი ისტორიების გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: info@regnews.ge ანონიმურობა დაცულია)

 

მსგავსი სიალხებეი